შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონოდ ოქროს ნივთების შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დეკლარირების წესის დარღვევით, ოქროს ნივთების შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის მოქალაქე მ.ა.-ის ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მათ ჯამური წონით 113,18 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნივთები აღმოუჩინეს. საქონლის ღირებულებამ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შეადგინა 5835,73 ლარი. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5835,73 ლარის ოდენობით.
ასევე ოქროს საიუველირო ნაკეთობები, საერთო წონით 83,87 გრამი, აღმოაჩინეს მებაჟე ოფიცრებმა 24 ოქტომბერს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, კონტროლის ზონაში. აზერბაიჯანის მოქალაქე რ.ვ.-ს, ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 4396,43 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩნდა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4396,43 ლარის ოდენობით.
იმავე დღეს, „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა 5227,32 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. საერთო წონით 99,72 გრამი ნივთები აზერბაიჯანის მოქალაქე კ.მ.-ს შემოჰქონდა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად პიროვნებას სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5227,32 ლარის ოდენობით.
ანალოგიური ფაქტები გამოააშკარავეს მებაჟე ოფიცრებმა სგპ „სარფში“ 24 ოქტომბერსაც. აზერბაიჯანის მოქალაქე ნ.ჰ.-ის ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მათ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, საერთო წონით 112,42 გრამი, აღმოაჩინეს. საქონლის ღირებულებამ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგინა 5893,04 ლარი. ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ნ.კ.-ს კი 4034,74 ლარის ღირებულების, საერთო წონით 76.97 გრამი, ოქროს ნივთები აღმოაჩნდა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ორივე მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 5893,04 ლარისა და 4034,74 ლარის ოდენობით.