ბიძინა ივანიშვილი: ფიქრია ჩიხრაძე თანამედროვეობის ყველაზე დიდი პოლიტიკოსის მრჩევლად წავიდა
პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს, რომელიც ფიქრია ჩიხრაძემ მიიღო, გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელია ელოდებოდნენ, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადა.
ივანიშვილმა ე.წ. ფსევდოოპოზიციურ პარტიებზე ისაუბრა, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს არსებობდნენ და ამის მაგალითად, გიორგი თარგამაძე და დავით გამყრელიძე ახსენა, რომლებსაც, ივანიშვილის თქმით, სინდისი ეყოთ და წავიდნენ პოლიტიკიდან. “დღეს “ახალი მემარჯვენეები”, როგორც “ლეიბორისტები” ისევე “ნაციონალური მოძრაობის” ფილიალად მოიხსენიებიან. გამყრელიძე ალბათ განიცდის, რომ დატოვა პარტია, რადგან თანამედროვეობის ყველაზე დიდი პოლიტიკოსის მრჩევლად წავიდა “ახალი მემარჯვენეების” ახალი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე. გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელიწადია, ელოდებიან და იბრძოდნენ ამ პოსტისთვის და უეცრად ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც ჩემთვისაც კი მოულოდნელი გახდა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.