გიორგი კვირიკაშვილი: გერმანიას ვხედავთ, როგორც ძლიერ და პრინციპულ პარტნიორს

საქართველოს ვიცე – პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.
სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა კონრად ადენაუერის ფონდის თავმჯდომარესთან – ჰანს-გერტ პოეტერინგთან და მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის თავმჯდომარესთან – ფოლკერ პერთესთან.
მათივე განმარტებით, გერმანიის ანალიტიკურ ცენტრებში სტუმრობისას საუბარი შეეხო გერმანია- საქართველოს ურთიერთობას. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ნებას, განავითაროს და გააღრმავოს ურთიერთობები გერმანიასთან, რომელთანაც საქართველოს ისტორიულად აკავშირებს ტრადიციული პარტნიორული ურთიერთობები.
მინისტრის თქმით, საქართველოს სურვილი აქვს, გააფართოოს თანამშრომლობის სფეროები გერმანიასთან, მათ შორის როგორც ეკონომიკის, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით.
“გერმანიას ვხედავთ, როგორც ძლიერ, პრინციპულ პარტნიორს საქართველოსთვის. გვსურს ვიხილოთ მეტი გერმანული კომპანიასაქართველოში”, – აღნიშნა მინისტრმა გერმანელ ექსპერტებთან შეხვედრაზე.
მან ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე და იმ რეფორმებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ამ მიმართულებით, ხაზი გაესვა აღნიშნულ პროცესში გერმანიის შემდგომი მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
გერმანელ ექსპერტებთან შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა მიმოიხილა რეგიონში არსებული გარემოც, მათ შორის საუბარი შეეხო, როგორც უსაფრთხოების გამოწვევებს, ასევე რეგიონის პერსექტივებს გლობალური პროექტების განხორციელების კუთხით, რა მხრივაც, მინისტრის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
გერმანელ ექსპერტებთან შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რუსეთთან ურთიერთობის საკითხები. გერმანიის წამყვან ცენტრებში შეხვედრისას ყურადღება დაეთმო აღნიშნულ ფონდებთან სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას და პერსპექტივებს.
დღესვე, მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები