თბილისის საბავშვო ბაღებში „სასკოლო მზაობის პროგრამა“ ამოქმედდა
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა 63 -ე ბაგა-ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამის ღია გაკვეთილს დაესწრნენ.
,,სასკოლო მზაობის პროგრამა”, რომელიც თამაშით სწავლების მეთოდიკას გულისხმობს, 5-6 წლის ბავშვების სასკოლოდ მომზადებას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანია, ბავშვის სხვადასხვა მიმართულებით განვითარება, მოტორული, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარების გამომუშავება, კომუნიკაციისა და მეტყველების განვითარება.
„თბილისის მასშტაბით სასკოლო მზაობის პროგრამა საბავშვო ბაგა-ბაღებში უკვე დანერგილია. 19 ოქტომბრიდან დაახლოებით 4 600-მდე ბავშვი გადის ამ პროგრამას. ჩვენ აქტიურად ვემზადებოდით განათლების სამინისტროსთან ერთად ამ პროცესისთვის. გარდა ამისა, აქტიურად მიმდირეობს რეგისრაციის პროცესი სასკოლო მზაობის ახალი გჯუფებისთვის, რომელიც 2 ნოემბრიდან ჩაეშვება და რომელიც განთავსდება სხვადასხვა სკოლის ტერიტორიებზე“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
პროგრამა თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა. ამ პროგრამისათვის სასწავლო ოთახები განსხვავებულად მოეწყო. სივრცეებად დაიყო ჯგუფები და შეიქმნა სხვადასხვა აქტივობის ცენტრები. თითოეული ცენტრი შესაბამისი მეთოდოლოგიური მასალით აღიჭურვა. სასკოლო მზაობის პროგრამა 30 კვირის განმავლობაში, დღეში 3- საათიან დატვირთვას ითვალისწინებს.
ბავშვები, რომლებიც ბაღში არ დადიან, სასკოლო მზაობის პროგრამას სკოლებში სპეციალურად გახსნილ ჯგუფებში გაივლიან. მსურველთა რეგისტრაცია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge უკვე დაიწყო და 2 ნოემბრამდე გაგრძელდება.