სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულებს დაასაქმებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში ცვლილებათა პროექტი შევა, რომლის თანახმადაც დაწესებულებებში არსებულ საწარმოებში შექმნილ პროდუქციას თავად ხელისუფლება შეიძენს. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრებულები მუშაობას და საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლით ოჯახების დახმარებას შეძლებენ.
კახა კახიშვილის თქმით, როდესაც ადამიანი გამოდის საპყრობილედან, პრობლემებთან გასამკლავებლად მზად უნდა იყოს და ეს პროგრამა დაეხმარება მათ, რომ საპატიმროში შესვლის და გამოსვლის პერიოდებს შორის არ გაჩნდეს უფსკრული.
„ძალიან მალე, მთავრობის მეთაურის ინიცირებით საქართველოს პარლამენტში შევა ცვლილებებათა პროექტი, რომ დაწესებულებაში არსებულ საწარმოებში შექმნილი პროდუქცია თავად ხელისუფლებამ იყიდოს, იმისთვის რომ ბიზნესსექტორი დაინტერესდეს და დაიწყოს ქარხნების და ფაბრიკების მშენებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. როდესაც ადამიანი გამოდის საპყრობილედან, ის მზად უნდა იყოს ამისთვის. არათუ საპყრობილედან ახლად გამოსულს, ხანდახან ჩვენ, თავისუფლებაზე მყოფ ადამიანებს გვიჭირს ხოლმე ზოგიერთ პრობლემასთან ბრძოლა, შეგუება და მათი დაძლევა. მით უფრო, რომ ისინი ხშირად ბევრი სხვა პრობლემის წინაშეც დგებიან. მათ ხშირად ფინანსური საშუალებაც კი არ აქვთ. სწორედ ამიტომ ჩვენ პრემიერთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები ციხეებში, იმისთვის, რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ და იმისთვის, რომ სახელმწიფომ კი არ აკეთოს ფული ამ ადამიანების ამანათებზე, პირიქით, ამ ადამიანებმა გაუგზავნონ საკუთარი შრომით მიღებული შემოსავალი ოჯახებს. ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში შემთხვევით რაღაც მოუვიდათ და საპყრობილეში აღმოჩნდნენ, ჩართულები უნდა იყვნენ ისეთ პროგრამაში, რომელიც დაეხმარება მათ, რომ საპატიმროში შესვლის და იქიდან გამოსვლის პერიოდებს შორის არ გაჩნდეს უფსკრული“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები