საკრებულოში დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“-ს წარმომადგენლებსიგან დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
როგორც შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“-ს დირექტორმა გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა, აღნიშნულ სამსახურს წინა ხელისუფლებიდან მძიმე მემკვიდრეობა ერგო, რადგან პოლიგონზე თავიდანვე არასწორად წარიმართა პროცესები.
ნაგავსაყრელზე არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“-ს დირექტორის პირველმა მოადგილემ ისაუბრა.
როგორც ლევან ჯღარკავამ პროექტის პრეზენტირებისას განმარტა, ნაგავსაყრელის პოლიგონზე პირველ რიგში დაგეგმილია უჯრედის გადაფარვა, ბიოგაზის შეგროვების, ასევე გადამუშავების სისტემის მოწყობა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა.
,,აღნიშნული პროექტი, ექპერტიზისათვის გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდგომ დაგეგმილია სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადება შესაბამისი სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად“- განაცხადა ლევან ჯღარკავამ.
პრეზენტაციაზე ასევე საუბარი შეეხო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანის მშენებლობას.
,,თბილსერვის ჯგუფის’’ წარმომადგენლების განცხადებით, მერიის მიერ გამოვლენილ სამ კომპანიას დაევალა სრული პროექტის წარმოდგენა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მათ მიერ შემოთავაზებული პროექტების ტექნოლოგიურ-ეკონომიკური კვლებები და გეგმა-გრაფიკი. საუკეთესოსთან კი გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ ,,თბილსერვის ჯგუფის’’ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია დადებითად შეაფასა.
გულიკო ზუმბაძის თქმით, თავდაპირველად უნდა გამოსწორდეს ის ხარვეზები, რაც აქამდე არსებობდა, ამისათვის კი აუცილებელია ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა.
,,ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ აღნიშნულ პროცესში ჩაერთონ უცხოელი მარალკვალიფიციური ექსპერტები. ჩატარდეს ტენდერი, თუმცა თუ ამ სამუშაოებს კვლავ ის კომპანიები განახორციელებენ, რომლებიც აქამდე იყვნენ ჩართულები, პრობლემები არასოდეს არ მოგვარდება. ჩვენთვის კი პირველ რიგში მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და ჯანსაღი გარემო“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ და აღნიშნა, რომ დედაქალაქის საკრებულო მონიტორინგს გაუწევს დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე განსახორციელებელ ღონისძიებებს.
თემის ინტერესიდან გამომდინარე, საკითხის განხილვას კომისიის წევრების გარდა სხვა დეპუტატებიც ესწრებოდნენ.
სხდომაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე კახა ჩიქვინიძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, შპს ,,გამას“ წარმომადგენლები და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ,,დედამიწის მეგობრები-საქართველო“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.