თბილისის საკრებულომ ფრანგ ტურისტებს უმასპინძლა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების ე.წ. ,,მწვანე ტრანსპორტის“ პოპულარიზაციის მიზნით, ფრანგი ტურისტების ინიციატივას უერთდება.
წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატის შალვა ოგბაიძის ინიციატივით, სტუდენტებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა უმასპინძლეს.
გიორგი ალიბეგაშვილი ფრანგი სტუდენტების მოგზაურობის მიზანს მიესალმა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ტურისტების მიერ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის იდეას შორენა ბუხრაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ნებისმიერ წამოწყებასა და ინიციატივას მხარს დაუჭერს.
შეხვედრას Accorhotels-ის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლის თქმით, Accorhotels ჯგუფი დაინტერესდა სამი ახალგაზრდა სტუდენტის წამოწყებით, რომლებიც იმის დასამტკიცებლად, რომ სამომავლოდ ელექტროენერგია გადაადგილებისთვის საკმარისი იქნება, ბანგკოკიდან საფრანგეთამდე ელექტრო-მოტოროლერით მოგზაურობენ.
The Pilgreens’-ების მიზანს წარმოადგენს პილიგრიმობა სუფთა ენერგიის წყაროზე, პროგნოზირებული მომავლის პოპულარიზაცია, სადაც ელექტროენერგია იქნება დომინანტი ენერგიის წყარო გლობალური გადაადგილებისთვის.
მოგზაურობის შემდეგ ახალგაზრდები ბიზნეს-გეგმის წარდგენას აპირებენ, რომლის მიხედვითაც, იურიდიული ობიექტის სტატუსს მიიღებენ და მოღვაწეობას ,,მწვანე ტრანსპორტირების’’ პოპულარიზაციის მიზნით განაგრძობენ.
საკრებულოს თავმჯდომარე სტუმრებს ამ მიმართულებით თანამშრომლობას დაჰპირდა და შეხვედრის დასასრულს კარენ კოულაკიანს, ლიუდვიგ მერცსა და რემი ფერნანდეს-დანდრეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.