23-25 ოქტომბერს თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღში საიუბილეო დღეები გაიმართება

23-25 ოქტომბერს თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღში საიუბილეო დღეები გაიმართება.
როგორც “კვირას“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, იუბილის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება – კონცერტი მოსწავლეთა, მშობელთა გუნდისა და სკოლის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით, ევრითმიული წარმოდგენები, ნაწყვეტები მერვე და მეთერთმეტე კლასების სპექტაკლებიდან; გამოფენები, სადაც წარმოდგენილი იქნება სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები, ფერწერული ტილოები, ხელნაკეთი ნივთები.
„იუბილეზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, სამი დღის განმავლობაში გაეცნონ სკოლას, შეიგრძნონ მისი ინდივიდუალური სახე და მოისმინონ ქრისტოფ იოჰანსენის (IAO) მოხსენება: „თანამედროვე გამოწვევები და ვალდორფის პედაგოგიკა, როგროც მომავალზე ორიენტირებული პედაგოგიკა“.
იუბილეს დაესწრებიან სტუმრები გერმანიიდან: შუა და აღმოსავლეთ ევროპის ვალდორფის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (IAO) წარმომადგენლები; თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის მხარდამჭერი კავშირის წევრები ზაარბრიუკენიდან და მარბურგიდან; სომხეთიდან – ერევნის ვალდორფის სკოლის კოლეგია.
საზეიმო ღონისძიებებზე მოწვეულნი არიან: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები: განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი“,- აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.
თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღი 1994 წელს ქართველი და გერმანელი პედაგოგების საინიციატივო ჯგუფის მიერ, საქართველოს განათლების სამინისტროს, თბილისის მერიის და გერმანიის საელჩოს ხელშეწყობით დაარსდა. საერთაშორისო ორგანიზაციის „თავისუფალი ვალდორფის სკოლების კავშირი“ (Union of Free Waldorf Schools) წევრი თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს ახორციელებს ვალდორფის პედაგოგიკის პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც ევროპული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს.

12166426_10153255659574779_1878441915_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები