საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ დეპუტატები მოსახლეობას შეხვდნენ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების: ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ თავმჯდომარეები ფრაქციის წევრებთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ და ერთი წლის მანძილზე დედაქალაქში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
სევდია უგრეხელიძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტსა და პროგრამაზე, რომლის თაობაზეც საკუთარ მოსაზრებებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები 2016 წლის ბიუჯეტი ფორმირების პროცესში მთავრობას წარუდგენენ.
ირაკლი აბესაძემ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტისთვის, როგორიცაა ავარიული კორპუსების გამაგრება, მეწარმეების მხარდაჭერისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამა, ასევე ჯანდაცვისა და სხვა სოციალური დახმარებების კუთხით ბიუჯეტში თანხების შემცირების თაობაზე და შემოვლითი რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მანვე საცობების პრობლემების მოგვარების, მუნიციპალური ტრანსპორტით მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის უფასო მგზავრობის უზრუნველყოფისა და საბავშვო ბაღების ვაუჩერიზაციის თაობაზე საკუთარი ხედვები წარმოადგინა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელზეც მოსახლეობამ დეპუტატებს მათთვის საინტერესო შეკითხვებითა და წინადადებებით მიმართა. ირაკლი აბესაძემ იმედი გამოთქვა, რომ 2016 წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოსახლეობა მონაწილეობას თავად მიიღებს და ამ მიზნით საკუთარ მოსაზრებებსა და სურვილებს წარმოადგენს.