შავ ზღვაში ჩაძირული კატარღის კაპიტანი დაკავებულია
შავ ზღვაში ჩაძირული მცირე ზომის გემის, „ივოლგას“ კაპიტანი დაკავებულია. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ოდესის ოლქის პროკურორმა დავით საყვარელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება შეისწავლის საკითხს, თუ რატომ ვერ მოხერხდა დროულად სამაშველო ოპერაციის ჩატარება. საყვარელიძის ინფორმაციით, დაკავებულია ასევე პორტის უფროსიც, საიდანაც გემი ზღვაში გავიდა.
„ივოლგის“ ჩაძირვის წინასწარ ვერსიად შტორმი და გემის გადატვირთვა სახელდება. ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის თქმით, კატარღა 12 ადამიანზე იყო გათვლილი, ხოლო მის ბორტზე 33 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა. სააკაშვილის განკარგულებით, ზღვაში ყველა მცირე ზომის გემის გასვლა აიკრძალა და პორტების შემოწმება დაიწყო.
კატარღა „ივოლგა“ ორი დღის წინ ნაპირიდან 1 კილომეტრში ამობრუნდა. კატასტროფის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 20 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.