თინათინ ხიდაშელმა ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ისტორიის მუზეუმი დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გურჯაანში, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმში იმყოფებოდა. თინათინ ხიდაშელმა მუზეუმის ტერიტორია დაათვალიერა, ქართული წარმომავლობის ცნობილი გენერლის დამსახურებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გენერლის სახლი მეტი ექსპონატით დაიტვირთება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი, ქართული ჯარის ერთგვარი ისტორიის ამსახველი, გაცილებით მასშტაბური მუზეუმი მოეწყობა.
„ჯონ მალხაზ შალიკაშვილის წინაპრების სახლში მუზეუმის მოწყობის იდეა ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს გაჩნდა და გადაიდგა კიდეც პირველი ნაბიჯები. შემდეგ, წლების განმავლობაში, ეს მუზეუმი მიტოვებული იყო. გვინდა, განვაახლოთ და, რეალურად, ამ ტერიტორიაზე ქართული ჯარის, საქართველოს მიერ საუკუნეების განმავლობაში განვლილი გზის ისტორიის მუზეუმი მოვაწყოთ, შევინარჩუნოთ თავად გენერლის სახლი, მეტი ექსპონატით დავტვირთოთ და კიდევ ერთი ადგილი გავაჩინოთ საქართველოში, კახეთში, ტურისტებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებსაც საქართველო, ქვეყნის ისტორია აინტერესებთ. ჩვენ ვართ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ევროპის ნაწილი ვართ და ეს კიდევ ერთხელ შეგვიძლია ამ მუზეუმით და ექსპონატებით ვაჩვენოთ და დავადასტუროთ“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმში ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, უწყების წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში, ირაკლი შიოლაშვილი.
2016 წელს საქართველოში დამოუკიდებლობის 25 წლისთავი აღინიშნება, თავდაცვის სამინისტრო იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს. ჯონ მალხაზ შალიკაშვილის მუზეუმის განახლება და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობაც, სწორედ, ამ გეგმის ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები