მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების კონფერენციის კონტექსტში სწორედ შუა დერეფნის განვითარებაზე იყო საუბარი
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, როგორც კოლეგებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
გამართული შეხვედრები და მათზე განხილული საკითხები მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა.
„მსჯელობა ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც შეეხება დაკავშირებადოებას, შუა დერეფნის ფუნქციონირებას, განვითარებას, იყო არაერთ ფორმატში, მათ შორის ერთ-ერთი დიალოგში მეც მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების კონფერენციის კონტექსტში სწორედ შუა დერეფნის განვითარებაზე იყო საუბარი. საინტერესო მოხსენებებიც მოვისმინეთ, რაც ალბათ მნიშვნელოვანი გადასაფასებელი იქნება ევროპელი ლიდერებისთვის და გასათვალისწინებელი სამომავლო პოლიტიკის შემუშავებაში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. იგი ასევე სიტყვით გამოვიდა კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე. მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგნასიო კასისსაც შეხვდა.