დავით ქართველიშვილი: მიუნხენი-2026 იქცა არა იმდენად კოლექტიური დასავლეთის ფორუმად, რამდენადაც მისი შიდა ბზარების გამოაშკარავების ვიტრინად
პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია-2026-ს ეხმიანება და აცხადებს, რომ წლევანდელმა ფორუმმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ფორმალური დისკუსიის მიღმა დასავლური ერთობის შიდა წინააღმდეგობები გამოკვეთა. მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესები მიუთითებს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გადაფასებაზე და გეოპოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებაზე.
„თუ ევროპას სურს სტრატეგიული სუბიექტობა, მან ეს უნდა დაადასტუროს რესურსებით და არა მხოლოდ მორალური რიტორიკით”, — აცხადებს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ავტომატური ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ეპოქა დასრულების ეტაპზეა.
„მიუნხენი-2026 იქცა არა იმდენად კოლექტიური დასავლეთის (სადღაა ეს „ბედნიერება”) ფორუმად, რამდენადაც მისი შიდა ბზარების გამოაშკარავების ვიტრინად. ფორმალურად — მიმდინარეობს გლობალური უსაფრთხოების განხილვა. რეალურად კი — ცივი ინვენტარიზაცია და აუდიტი: ვინ არის მზად გადაიხადოს, ვინ — ბრძოლაში ჩაებას, და ვინ — მხოლოდ „ბლა-ბლა-ბლა” ღირებულებებზე ისაუბროს. სიმბოლურია ის ეპიზოდიც, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ე.წ. „უკრაინულ პანელში” მონაწილეობა არც კი მიიღო.
დიპლომატიურ ენაზე ეს ჟესტი მარტივად იკითხება: იცვლება გეოპოლიტიკური პრიორიტეტები და ვაშინგტონი აღარ აპირებს ითამაშოს ევროპული „ფსიქოლოგიური კომფორტის” წესებით. ევროპისთვის ეს საკმაოდ საგანგაშო სიგნალია — აშშ-ის გარეშე მისი უკრაინული უსაფრთხოების არქიტექტურა უფრო პოლიტიკურ დეკლარაციად რჩება, ვიდრე ძალის რეალურ ინსტრუმენტად. ცენტრალურ დისკუსიაში არმონაწილეობა არ არის ჟესტი იმდენად კიევის წინააღმდეგ — რამდენადაც სიგნალია ბრიუსელისთვის: ავტომატური ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ეპოქა დასრულდა.
თუ ევროპას სურს სტრატეგიული სუბიექტობა, მან ეს უნდა დაადასტუროს რესურსებით და არა მხოლოდ მორალური რიტორიკით. მიუნხენმა უბრალოდ დააფიქსირა: ალიანსი კი ცოცხალია — მაგრამ აღარ არის უპირობო.
ამ ფონზე საქართველოს მონაწილეობა მიუნხენის სამიტზე სულ სხვა მნიშვნელობას იძენს. თბილისი აღმოჩნდა იმ პლატფორმაზე, სადაც წყდება არა ლოზუნგების, არამედ ძალთა ბალანსის საკითხი. ქვეყნისთვის, რომელიც დგას სატრანზიტო დერეფნებისა და გეოპოლიტიკური ღერძების გადაკვეთის წერტილში, მთავარი არ არის, თუ ვინ იქნება წამყვანი „სპიკერი”, არამედ — რომელი საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნება ხერხდება.
ვაშინგტონსა და ევროპის ნაწილს შორის გაციებული ურთიერთობის პირობებში, საქართველო ობიექტურად იღებს დამატებით სივრცეს უფრო პრაგმატული დიპლომატიისთვის — მისთვის ფუჭი და უსარგებლო იდეოლოგიურ დღის წესრიგში ჩაწერის ვალდებულების გარეშე. მიუნხენი-2026 გვიჩვენებს მთავარს: მსოფლიო შედის მკაცრი „ფერიცვალების” ფაზაში. უკრაინა რჩება თემად — მაგრამ აღარ არის ევროპული უსაფრთხოების ერთადერთი ღერძი, სადაც აშშ აჩვენებს დემონსტრაციულ შერჩევით ჩართულობას. ევროპა — რჩება ნერვიულობის ტურბულენტობის ზონაში. ხოლო ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა, ამათი შემხედვარე — იძულებული არის იმოქმედოს არა ემოციების, არამედ სუვერენული გაანგარიშების ლოგიკით. სწორედ ეს გახდა ჩვენთვის — მიმდინარე სამიტის მთავარი და რეალური შედეგი”, — განაცხადა დავით ქართველიშვილმა.