დავით ნარმანიამ ოჯახთან ერთად რიყის პარკში გაისეირნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ოჯახთან ერთად რიყის პარკში გაისეირნა და „თბილისობა 2015 წლის“ ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის ქართული-ხალხური ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორულ კონცერტს დაესწრო.
თბილისის მერმა რიყეზე მოწყობილი კულინარიის ფესტივალიც დაათვალიერა, რომელიც წელს პირველად ტარდება. ფესტივალზე მისულ სტუმრებს ქართული და მსოფლიო სამზარეულოს კერძების დაგემოვნების საშუალება აქვთ. ოჯახთან ერთად დავით ნარმანია ღვინის, ჩაისა და თაფლის ფესტივალებზეც იმყოფებოდა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აქტივობები დილიდან აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს, მისივე განცხადებით ღონისძიებები ყველა თაობის ადამიანისთვისაა დაგეგმილი.
„ღონისძიებები დილიდან ძალიან აქტიურად დაიწყო. ცუდი ამინდის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. საკმაოდ დიდი ინტერესია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კმაყოფილი დარჩება. ვულოცავ მთელ თბილისს და სრულიად საქართველოს დღევანდელ ლამაზ დღეს – თბილისობას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
„თბილისობა 2015“-ის ფარგლებში, დღეს 17:00 საათიდან რიყეზე ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი გაიმართება, 21:00 საათზე კი, გორგასლის მოედანზე, მიშა მდინარაძის საავტორო პროექტი სახელწოდებით „მუსიკალური ტრანსფორმაციების ორი საუკუნე თბილისში“ დაიწყება.