დედაქალაქს თერთმეტი საპატიო თბილისელი შეემატა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში “თბილისობა 2015“-ის საზეიმო გახსნისა და „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და საპატიო მოქალაქეები “თბილისის გასაღებით“ და სიგელებით დააჯილდოვა.
საზეიმო ღონისძიებას საპატიო სტუმრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
“საპატიო თბილისელის“ წოდება სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ თერთმეტ ადამიანს მიენიჭა. დედაქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს: მწერალმა ლაშა თაბუკაშვილმა, მომღერალმა ფოლად ბიულ-ბიულ ოღლიმ, ექიმმა ბესიკ იაშვილმა, მეცნიერმა მზექალა შანიძემ, მხატვარმა გიორგი (გია) ჯაფარიძემ, არქიტექტორმა ომარ ნაფეტვარიძემ, მოცეკვავე ჯუმბერ ბერაძემ, მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, პიანისტმა ალექსანდრე კორსანტიამ, რეჟისორებმა ქეთევან დოლიძემ და გიორგი შენგელაიამ.
ამავე ღონისძიებაზე “თბილისის გასაღები“ ქართველ მორაგბეებს გადაეცათ, ხოლო ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ „ბორჯღალოსნები“ „წლის წარმატებული სპორტსმენის“ სპეციალური სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა.
საპატიო თბილისელებს ტრადიციულად თბილისობის დღესასწაულზე აჯილდოვებენ. საზეიმო ღონისძიებები 1979 წლის 28 ოქტომბრიდან, ყოველ შემოდგომაზე, ოქტომბრის თვეში აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები