„კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015“ დაიწყო

ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015“ დაიწყო. სწავლების შტაბის მუშობა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ შეაფასა, სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წვრთნის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი სწავლებაა. ეს არის შტაბების დონის, შემაჯამებელი, ერთ-ერთი სწავლება, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა უწყებებიც. რაც კიდევ ერთხელ გაზრდის უწყებათშორის ურთიერთქმედებების შესაძლებლობებს, უნარ-ჩვევებს. ასევე, დაგვეხმარება, რათა გადავიდეთ და შეგვეძლოს ერთ ენაზე საუბარი. ერთი სახის დოკუმენტების გაცვლა. რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ან გადაწყვეტილების მომზადებას ხელმძღვანელი პირებისთვის. ამერიკიდან სამხედრო დამკვირვებლები არიან ჩამოსული, რომლებიც გარე თვალიდან ჩვენს დამკვირვებლებთან ერთად დააკვირდებიან სწავლებას, რის შემდეგაც წარმოგვიდგენენ იმ მოსაზრებებს, ხარვეზებს ან დადებით ასპექტებს, რაც იქნება წარმოჩენილი ამ სწავლების პერიოდში“ – აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
„დიდგორი 2015“ სამთავრობო უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს. სწავლების მთავარი მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადებაა.
სწავლების სცენარი რეალურთან მიახლოებულ ვითარებაზეა დამყარებული. წვრთნების დროს თავდაცვითი ოპერაციები ვირტუალური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, მოდელირებულ გეოპოლიტიკურ გარემოში განხორციელდება. საბრძოლო მოქმედებების გათამაშების მოდელირებას სიმულაციური სისტემა „JCATS“ უზრუნველყოფს. სწავლების დროს ასევე, გათამაშდება საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების სცენარები. სწავლების მიმდინარეობას აშშ-ის არმიის რანგის ოფიცრები დააკვირდებიან.
„დიდგორი 2015“ სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად, ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროც. წვრთნებში ასევე მონაწილეობენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები.
სწავლება „დიდგორი 2015“ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“, ვაზიანში, თბილისში და სენაკში 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები