კრწანისის რაიონში რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კრწანისის ქ.№7-ის მიმდებარედ რეაბილიტირებული სკვერი გახსნა. სკვერის გახსნას თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი და კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი დაესწრნენ. სკვერის სრული რეკონსტრუქცია მერიის ინიციატივით მიმდინარე სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
„ქალაქის გამწვანებისა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გარდა თბილისის მერია აქტიურად ზრუნავს დედაქალაქში რეკრეაციული ზონების განვითარებაზე, ჩვენი მიზანია ქალაქში იყოს მეტი, არა მარტო გამწვანებული, არამედ კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი. ეს ზრდის ქალაქის მიმზიდველობას, ქმნის მის ესთეტიკურ იერ-სახესა და, საბოლოოდ, ქალაქის იმიჯს. ამ სკვერის სახით დედაქალაქს კიდევ ერთი მიმზიდველი და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი შეემატა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
რეკონსტრუქციის ფარგლებში სკვერში დამონტაჟდა ახალი სკამები და ურნები, ასევე თანამედროვე სარწყავი და დეკორატიული განათების სისტემები. მოეწყო საბავშვო და სავარჯიშო კაუჩუკის საფარიანი მოედნები, სავალი ბილიკები კი მაღალი ხარისხის ფილებით მოპირკეთდა. სკვერი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სკვერში მწვანე საფარიც განახლდა და 200-მდე სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარე დაირგო. პარკ-სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 10-მდე სკვერის რეკონსტრუქცია განხორციელდა.
სკვერი „თბილისობა 2015“-ის ფარგლებში გაიხსნა. „თბილისობა 2015“ 16 ოქტომბერს „საპატიო თბილისელის“ დაჯილდოებით გაიხსნა და 18 ოქტომბერს გალა-კონცერტით დასრულდება.