წესრიგის დარღვევისთვის ვლადიმერ ბედუკაძე და დავით ტატიაშვილი დაჯარიმდა
სასამართლოში წესრიგის დარღვევისთვის ვლადიმერ ბედუკაძე და დავით ტატიაშვილი დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას პროცესზე დამსწრე პირმა დავით ტატიაშვილმა და სხდომაზე მოწმედ წარმოდგენილმა ვლადიმერ ბედუკაძემ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რითაც შეფერხდა სასამართლო პროცესის მიმდინარეობა.
კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღკვეთილ იქნა მანდატურის სამსახურის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მოხსენებითი ბარათები და სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის მოქალაქეები დავით ტატიაშვილი და ვლადიმერ ბედუკაძე დააჯარიმა, თითოეული 500-500 ლარის ოდენობით. განკარგულება აღსრულებისათვის გაეგზავნება სააღსრულებო ბიუროს. განკარგულება საჩივრდება მისი ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში, თბილისის საააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით”, – ნათქვამია განცხადებაში.