საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 117 იუნკერი შეემატა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის 117 იუნკერი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად შეემატა.
მომავალმა ოფიცრებმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს. იუნკერებს ფიცის მიღება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ მიულოცეს.
„მიხარია, რომ ფიციდან ფიცამდე სულ უფრო კარგი თაობა მოდის, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივი განვითარებით, ცოდნით. ასევე ძალიან სასიხარულოა, რომ იუნკერების შემადგენლობაში კადეტების საკმაოდ დიდი რაოდენობაა. მათ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დაამთავრეს და გადაწყვიტეს, საკუთარი მომავალი სამხედრო საქმეს დაუკავშირონ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ახალი ფორმაციის და იმ ახალი თაობის ოფიცრების მიღებას, რომლებიც ასე სჭირდება ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ახალ გამოწვევებს,~ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. დარწმუნებული ვარ, რომ აკადემიის მთელი შემადგენლობა – პედაგოგები, ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მათგან ჩამოყალიბდნენ ოფიცრები, რომლებიც ქართული სამხედრო ინტელიგენციის რიგებს შეავსებენ,“ – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ასევე სამხედრო მოსამსახურეების განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
„საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის განათლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე მოწინააღმდეგესთან. დღეს იუნკერებმა ფიცი დადეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებს შეუერთდნენ. დარწმუნებული ვარ, ისინი ღირსეულად გაართმევენ თავს დაკისრებულ ამოცანებს“,- განაცხადა ბესიკ ლოლაძემ.
ფიცის დადებამდე იუნკერებმა და მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის დროსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლა და სამხედრო ფიცის დადება აკადემიის იუნკერებს აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმაც მიულოცა.
პირველი კურსის იუნკერებმა ხუთკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების სამეტაპიანი კურსი გაიარეს, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.
ახალწვეულმა იუნკერებმა წარმატებით გაიარეს ტაქტიკური და საინჟინრო მომზადების, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ტოპოგრაფიის შემსწავლელი კურსები. დაეუფლნენ იარაღთან ურთიერთობისა და დამიზნების წესებს. ასევე შეისწავლეს სადისციპლინო წესდება.
იუნკერთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის იუნკერთა ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები