საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაციამ ავღანეთში ვიზიტი დაასრულა

ავღანეთში ვიზიტის დასასრულს საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაცია ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინას ესტუმრა.
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესო ხატიაშვილი მისიის შტაბ-ბინაში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის ნაკრებ ასეულს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ასევე ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე და მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი იმყოფებოდნენ.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ქართველ სამხედროებთან ერთად ადგილზე არსებული სიტუაცია განიხილეს და ჯარისკაცების სამუშაო პირობებს გაეცნენ.
მოგვიანებით, დელეგაციის წევრები ქვედანაყოფის ექიმსაც გაესაუბრნენ და ქართულ ასეულს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში წარმატებული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. III ქვეითი ბრიგადის 31-ე ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 7 თვის განმავლობაში მსახურობდა. ასეულს რამდენიმე დღეში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ჩაანაცვლებს.
ქაბულში ვიზიტის ფარგლებში, დავით ებრალიძე და პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურის მოადგილეს, ბრიტანელ გენერალ-ლეიტენანტს, ტიმ რედფორდს შეხვდნენ. მხარეებმა საერთაშორისო ოპერაციაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობასა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები