მერიის წარმომადგენლებმა საკრებულოს დეპუტატებს 13 ივნისის სტიქიის შესახებ ანგარიში წარუდგინეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 13-14 ივნისს დედაქალაქში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
სხდომას დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე ესწრებოდნენ.
ირაკლი ლექვინაძემ ანგარიშის პრეზენტირებისას დეტალურად წარმოადგინა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების, ავტომობილებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის სტატისტიკა და მათი აღმოფხვრის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
მერის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა მოქალაქეების, კერძო კომპანიების, უცხოური მთავრობების, სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო ადმინისტრაციული ორგანოების, მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას და დაწვრილებით ისაუბრა აკუმულირებული თანხების გადანაწილებაზე.
ანგარიშის თანახმად, სტიქიამ 194 ოჯახი დააზარალა, 20 გარდაიცვალა, 2 პირი კი დღემდე დაკარგულად ითვლება, დაზარალდა 800-ზე მეტი ფიზიკური პირი.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. კერძო კომპანიებისა და მოქალაქეების მიერ შემოწირულობის სახით 22 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. ამ თანხიდან 16 მილიონი ლარი დაზარალებულების ერთჯერად დახმარებებს, საცხოვრისით უზრუნველყოფას და სხვა საჭიროებებს მოხმარდა. გარდაცვლილების ოჯახებზე გაიცა 10 ათასი ლარის დახმარება. თანხები ასევე გადანაწილდა გამგეობებში, რაც ძირითადად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას მოხმარდა. ჩატარებული სამუშაოების გარდა ირაკლი ლექვინაძემ სამომავლო გეგმებზე და იმ საჭიროებებზე ისაუბრა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. ანგარიშის დასრულების შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატები სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახების ქონებით უზრუნველყოფითა და დაუზღვეველი ავტომანქანების თემით დაინტერესდნენ. ლექვინაძის განმარტებით, 52 ოჯახიდან – 40-მდე ოჯახთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, დანარჩენ დაზარალებულებთან კი მიმდინარეობს მოლაპარაკება. მისივე თქმით, აუცილებელია სტიქიით დაზარალებული დაუზღვეველი ავტომობილების მფლობელთა მხარდაჭერა, რაც კერძო დონორი ორგანიზაციების აქტივობაზეა დამოკიდებული. საკრებულოს დეპუტატებმა თბილისის მერიის მუშაობა დადებითად შეაფასეს. ,,ჩვენ მოვისმინეთ აფსოლუტურად სრული ანგარიში, რომელიც დაკავშირებულია 13-14 ივნისის სტიქიასთან. მერიის მხრიდან გადადგმულია ადეკვატური ნაბიჯები, როგორც დაზარალებულებთან მიმართებაში, ისე ზოგადად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ასე, რომ პროცესი სწორად მიმდინარეობს. ჩვენ ასევე მოვისმინეთ სამომავლო ხედვები და დადებითად ვაფასებთ მათ მუშაობას. რაც შეეხება ხარვეზებს, რომელიც ასეთ დროს ბუნებრივია იქნება, არის ძალიან მცირე და ვფიქრობ, ისიც მალე აღმოიფხვრება“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები