“აბრეშუმის გზის” ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი ეწვევა
აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი, მისი აღმატებულება ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი ჩამოდის.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან “კვირას” აცნობეს, შეიხი ნაჰაიანი 15 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს აბრეშუმის გზის ფორუმის საზეიმო გახსნაში და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს.
ამავე დღეს, 14.30 საათზე, შეიხი ნაჰაიანი „ქეი-ეს-ბი ბანკის“ სათავო ოფისში (ქეთევან წამებულის გამზირი N 3) მივა და ბანკში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მენეჯმენტის ანგარიშს მოისმენს. შეიხი „ქეი-ეს-ბი ბანკის“ აქციათა 45 %-ის მფლობელია.
მისი აღმატებულება ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი არაბეთის საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი, აბუ-დაბის გაერთიანებული ეროვნული ბანკის თავმჯდომარე და ალ აინის უნივერსიტეტის რექტორია.
შეიხი მრავალი ეროვნული და საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს მფლობელია, ის თავმჯდომარეობს და პატრონაჟს უწევს 100-ზე მეტ ყოველწლიურ კონფერენციასა და სიმპოზიუმს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში აქტუალურ საკითხებს ეძღვნება.
შეიხის მფლობელობაშია უმსხვილესი არაბული საინვესტიციო კომპანია „დაბი ჯგუფი,“ რომელიც საქართველოში „ქეი-ეს-ბი ბანკსა“ და სასტუმრო „მილენიუმს“ უწევს მეთვალყურეობას.