“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს Reuters-ის რედაქტორ-კონსულტანტი ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით 2015 წლის 15-16 ოქტომბერს ქ. თბილისში პირველად ჩატარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ასევე მსოფლიოში ცნობილი ცნობილი ჟურნალისტი, Reuters-ის რედაქტორ-კონსულტანტი აქსელ თრელფოლი ეწვევა.
აქსელ თრელფოლი 15 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს პანელში „ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა“, როგორც პანელის მოდერატორი.
აქსელ თრელფოლი არის Reuters-ის რედაქტორ-კონსულტანტი. ის მასპინძლობს მაღალი რანგის შეხვედრებს და უძღვება Reuters-ის წამყვან ღონისძიებებს, როგორიცაა ცნობილი ადამიანების შესახებ გამოშვებები და დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.
წარსულში ის იყო Reuters-ის ციფრული ვიდეოს მთავარი ევროპელი წამყვანი. ბ-ნ თრელფოლმა CNBC-ის წამყვანად იმუშავა ოთხი წელი. მანამდე ის იყო რედაქტორი Wall Street Journal-ის ნიუ იორკის ოფისში და ბლუმბერგის ახალი ამბების რეპორტიორი ლონდონში. ასევე მუშაობდა მრჩევლად ბიზნესსექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე. აქსელ თრელფოლს ხშირად იწვევენ ღონისძიებების მოდერატორად საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ჩათვლით.
მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი დურჰამის უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკაში – ლონდონის სიტის უნივერსიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები