დიმიტრი ქუმსიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს
ჩემი სუბიექტური და პირადი მოსაზრებით, გადაწყვეტილება ანგაჟირებული და პოლიტიკური იყო, – ამის შესახებ ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა დროებით შეუჩერა. “ჩვენ სამართლებრივი ქვეყანა ვართ და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველა დაექვემდებარება. ჩემი სუბიექტური და პირადი მოსაზრებით, გადაწყვეტილება იყო ანგაჟირებული და პოლიტიკური, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ გაიყო ხმები მისი მიღებისას. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო რეფორმის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ამ რეფორმების ნაწილში, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი მოსახლოებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობა, რომელიც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის სტრუქტურული რეფორმების ნაწილი, რომელსაც უნდა გამოევლინა და ეჩვენებინა კომერციული ბანკების კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა და კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა “, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.