საკონსტიტუციო სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი დემოკრატების” სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის ახლად შექმნილი სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა საქმის წარმოებაში მიღებას, ხოლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას ხმა 5-მა მოსამართლემ მისცა, ოთხი კი იყო წინააღმდეგი.
პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილების მიხედვით, შეიქმნა “საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო”, რომელსაც იმ ფუნქციების განხორციელება დაეკისრა, რაც მანამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.
კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, სააგენტოს საბჭოს არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს, რაც, მოსარჩელეთა აზრით, პრეზიდენტის კომპეტენციას არღვევს. მოსარჩელეები ასევე მოითხოვდნენ, შეჩერებულიყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საქმეზე საბოლოო განაჩენს არ გამოიტანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები