სირიელი ოსები შესაძლოა, ცხინვალში ჩამოასახლონ

ოკუპირებულ სოხუმში სირიიდან რამდენიმე ასეული აფხაზი დაბრუნდა, რომელთაც ოფიციალურმა სოხუმმა საცხოვრებელიც მისცა და ფულადი შემწეობაც დაუნიშნა. შესაძლოა, იგივე მოხდეს ცხინვალშიც.
როგორც ირკვევა, დღეისათვის სირიაში 2000-მდე ეთნიკური ოსი ცხოვრობს. მათ დახმარება უკვე მოითხოვეს. სირიაში მცხოვრებ ოსებს დიასპორაც ჰქონიათ, რომელსაც სათავეში დამასკოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაბახ კაბლო უდგას. ის საცხოვრებლად დღემდე დამასკოში რჩება“, – ამ თემაზე გაზეთი „ახალი თაობა“ წერს.
გამოცემის თანახმად, ქვეყანაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რამდენიმე ასეულ ოსს იქაურობა დაუტოვებია. მათ შორის არიან კაბლოს ძმებიც. დიასპორის თავკაცის ცოლი და 3 შვილი დამასკოში რჩებიან. როგორც კაბლო ოსურ მედიასთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, იმ უბანს, სადაც ის დამასკოში ცხოვრობს, ჯერ ომი არ შეხებია, თუმცა სროლებისა და აფეთქებების ხმა ყოველდღიურად ესმის. სხვა ოსებს კი ასე არ გაუმართლათ და ისინი საომარი მოქმედებების შუაგულში აღმოჩნდნენ.
„ომის დაწყების შემდეგ ჩვენი დიასპორა შემცირდა. რამდენიმე ასეული ადამიანი ომის საშინელებას გაექცა. მათ ევროპის სხვადასხვა ქვეყანას შეაფარეს თავი. აქ 2000-მდე დავრჩით. ჩვენი მომავალი ჯერ გარკვეული არ არის“, – აღნიშნავს ჟურნალისტებთან საუბარში კაბლო.
მისი განცხადებით, ვითარება საკმაოდ რთულია და სირიის დატოვებაზე იქ დარჩენილი ოსებიც ფიქრობენ.
„მე არ ვიცი, როგორ განვითარდება სირიაში მოვლენები, მაგრამ ახლა ძალიან რთულად არის საქმე. აქ საომრად ხალხი ლამის მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდა. მე არ ვიცი, რა მომავალი ექნება ჩვენს დიასპორას. დღეს ჩვენც ისეთივე პირობებში ვიმყოფებით, როგორშიც სირიის დანარჩენი მოსახლეობა“, – განუცხადა „სპუტნიკ ოსეტიას“ სირიელი ოსების ლიდერმა.
„ომის საშინელებას გამოქცეული რამდენიმე ასეული აფხაზი სოხუმმა თბილად მიიღო. აფხაზებისგან განსხვავებით, სირიელ ოსებს თანამემამულეები საკმაოდ ცივად შეხვედრიან. ჯაბახ კაბლოს თქმით, 2 წლის წინ ოსური დიასპორის წარმომადგენლები ვლადიკავკაზში ჩავიდნენ, სადაც ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიას ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები აწარმოეს. საუბრის თემა სირიელი ოსების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება იყო. როგორც კაბლო ამბობს, მათი ამბავი ვლადიკავკაზში გულთან ახლოს არ მიუტანიათ და არც დახმარება შეუთავაზებიათ.
„სამწუხაროდ, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს ცივად და არამეგობრულად დახვდნენ. მათგან ვერანაირი დახმარება ვერ მივიღეთ“, – აღნიშნავს სირიელი ოსების ლიდერი.
კაბლო იმედს არ კარგავს, რომ მათ ისტორიულ სამშობლოში ვიღაცას აუცილებლად მოულბება გული, მანამდე კი ელოდებიან, რა შედეგს გამოიღებს რუსეთის ხელისუფლების აქტიურობა. ჯაბახ კაბლოს თქმით, სირიაში მცხოვრები ოსები მოსკოვის გადაწყვეტილებას, დაბომბოს ისლამური სახელმწიფოს პოზიციები, არაერთგვაროვნად შეხვდნენ.
„ერთნი თვლიან, რომ რუსეთი სწორად მოიქცა, მეორენი მიიჩნევენ, რომ ამ კონფლიქტში მოსკოვი თავიდანვე უნდა ჩარეულიყო, ჩვენი დიასპორის ნაწილი კი კრემლის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს,“ – განაცხადა კაბლომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები