„საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ლიდერი მართლა ლიდერი უნდა იყოს“ – რატომ ვერ აღიქვამდა დეპუტატი ნიშნიანიძე საგანელიძეს ლიდერად
„საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ლიდერი მართლა ლიდერი უნდა იყოს“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ომარ ნიშნიანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა და აღნიშნა, რომ „დავით საგანელიძეს ლიდერად ვერ აღიქვამდა“.
ნიშნიანიძის განცხადებით, ლიდერმა გუნდი უნდა გააერთიანოს. უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, “ქართული ოცნების“ მთავარი მინუსი არაგუნდურობაა.
“მე, მაგალითად, დავით საგანელიძეს მთლად ლიდერად ვერ აღვიქვამდი. ამბობენ, რომ წასულია კაცი და მასზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერიო, მაგრამ მას გზა მისცეს და არ მაქვს ახლა პრეტენზიები, არ ვიხსენებ არაფერს. მაგრამ ახალი ლიდერი, რომელიც იქნება, უნდა იყოს მართლა ლიდერი. ჩვენ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და, მართლაც, უნდა ილიდეროს. ის უნდა იყოს ავტორიტეტი, გუნდის შემკვრელი, საქმის მკეთებელი და რაც მთავარია, მას გუნდი დეცენტრალიზაციისკენ კი არ უნდა მიჰყავდეს, არამედ გუნდი უნდა გააერთიანოს.
ის უნდა იყოს ლოკომოტივი, რომელიც გაქაჩავს გუნდს. მე რომ მის ავტორიტეტს გავუფრთხილდები, ისიც უნდა გაუფრთხილდეს ჩემს ავტორიტეტს. ირონიით, დაცინვით კი არ უნდა რეაგირებდეს ჩვენს გამონათქვამზე, ის უნდა იყოს ჩვენი დამცველი და მაშინ იქნება გუნდი. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი არის ჩვენი არაგუნდურობა. ეს იმ დაჩქარებული პროცესების ბრალიც იყო, რომელიც ჩვენ 2012 წელს გამოვიარეთ”, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.