„ნაციონალებმა“ იციან, რომ მშვიდობიანი გზით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან და ხელს აძლევთ დესტაბილიზაცია“
„ვადამდელი არჩევნები „ნაციონალების“ მიერ ხელოვნურად წამოწეული თემაა. ჩვენი ოპონენტები ვითარების სხვადასხვა მიმართულებით დაძაბვას ცდილობენ. ეს თემა მხოლოდ ტემპერატურის ასაწევად და იმისათვის არის, რომ ქაოსი გამოიწვიონ“, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას მხოლოდ არეულობით და დესტაბილიზაციის გზით თუ შეძლებენ.
„ნაციონალების“ რეიტინგი კატასტროფულად ეცემა. დღეს თუ კიდევ ახერხებენ 200- 300 კაცის შეკრებას, ხვალ და ზეგ იციან, რომ ამასაც ვეღარ მოახერხებენ. სერიოზული საფრთხე ექმნება მათ არათუ არჩევნებში გამარჯვებას, არამედ 5%-იანი ბარიერის გადალახვასაც კი. რაც ადრე იქნება არეულობა და დაძაბულობა, მათ ურჩევნიათ, რადგან მშვიდობიანი გზით ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები მათ არ გააჩნიათ“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მეჭიაურის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უმრავლესობა ვადამდელ არჩევნებს მოინდომებდა, ეს პროცედურულად პრობლემურია და არჩევნების ჩატარებაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა პრეზიდენტია.
„მე თავიდანვე ვადამდელი არჩევნების მომხრე ვიყავი, რადგან ის პოლიტიკური სპექტრი, რაც პარლამენტშია მოსახლეობის განწყობას არ შეესაბამება. 2012 წლის არჩევნების დროს „ნაციონალების“ მიერ სერიოზული გაყალბება მოხდა. მაშინდელი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა რეალურად 70-75% შეადგენდა, მაგრამ 58% დაგვიწერეს. თუმცა ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეას ჩვენც რომ დავუჭიროთ მხარი და რომც გვინდოდეს, ეს მარტივად არ ხდება. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა არის პრეზიდენტი. მას შეუძლია, დაითხოვოს მთავრობა და შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი. ჩვენც რომ გვქონდეს სურვილი, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ვინმეს აქვს გარანტია, რომ პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და არა მთავრობას? შესაძლოა, მან ამ დროს ახალი მოდელით მთავრობის პროვოცირება მოახდინოს, რომელიც აბსოლუტურად არათუ არ შეესაბამება იმ პოლიტიკურ სინამდვილეს, რომელიც დღესაა, არამედ პირიქით დესტაბილიზაციას გამოიწვევს“,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.