გლდანის გამგებელი აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე განმარტებას აკეთებს

გლდანის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც გლდანისა და სამგორის გამგეობების 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევებს ეხება, კომენტარს აკეთებს.
გამგებელი აცხადებს, რომ დარღვევები, მართლაც, დაფიქსირდა, თუმცა ეს უკავშირებს იმ პერიოდს, როცა თბილისის მერის მოვალეობას სევდია უგრეხელიძე ასრულებდა. ბესო ქარცივაძის თქმით, თანხის ნაწილი უკვე დაბრუნებულია.
„გამოქვეყნებული დასკვნის ნაწილი ეხება 2013 წელს, როცა თბილისის მერის მოვალეობას სევდია უგრეხელიძე ასრულებდა, რამდენიმე თემაა გამოყოფილი, ერთ-ერთი ეხება უფასო სასადილოებს, ორი პრეტენდენტი იყო შემოსული სატენდერო ველში. მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შემდგომ განვითარებული მოვლენები ერთმანეთს არის აცილებული. ამაზე შესაბამისი რეაგირება მოხდა და დოკუმენტაცია სრულად გადაგზავნილია იქ, სადაც ამის შესწავლა მოხდება. ვფიქრობთ, ამაზე პასუხისმგებლობა ნამდვილად უნდა განზოგადდეს“, – აცხადებს ბესო ქარიცივაძე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური გლდანისა და სამგორის გამგეობების 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევებს ასაჯაროებს. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, დარღვევა-ნაკლოვანებების გასაჯაროება საკითხებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გადაწყვიტეს. მათივე განმარტებით, გლდანისა და სამგორის რაიონული გამგეობების 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ მნიშვნელოვან დარღვევა-ნაკლოვანებებს შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება სჭირდება.
მათივე განმარტებით, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ უფასო სასადილოებისთვის 2013 წელს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა დაარღვიეს საქართველოს შესყიდვების კანონმდებლობით განსაზღვრული აფიდავიტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, კონკურენტებს ეკრძალებათ კომუნიკაცია, შეთანხმება ან მოლაპარაკება, სატენდერო წინადადების ფასის და წინადადების წარდგენის ან წარდგენისაგან თავის შეკავების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები