გიორგი კვირიკაშვილი იენს სტოლტენბერგსა და ფედერიკა მოგერინის შეხვდება

2015 წლის 7-9 ოქტომბერს იგეგმება საქართველოს ვიცე – პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში.
ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.
ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განხილული იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ვარშავის სამიტისათვის მზადება და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი.
საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აგრეთვე ევროკავშირში. კერძოდ, გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინის, ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ სალბერს და ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომს.
ევროკავშირში დაგეგმილ შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის პრიორიტეტები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის დროულად დასრულების მნიშვნელობა. აგრეთვე, საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და ამ პროცესში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობა.
ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა ბელგიის სამეფოს პრემიერ მინისტრის მოადგილეს და საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერსთან. მინისტრი შეხვედრებს გამართავს აგრეთვე ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC) ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები