ჯოკია ბოდოკიას განცხადებაზე დავით ნარმანიას ძმა “კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს
მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის, ბრალდებულ ჯოკია ბოდოკიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე დავით ნარმანიას ძმა ირაკლი ნარმანია “კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
ირაკლი ნარმანიას თქმით, მას პრეტენზია არა ბოდოკიასთან, არამედ იმ ჟურნალისტთან აქვს, ვინც ამტკიცებდა, რომ ბოდოკიას თანხა მასთან მიჰქონდა.
“მე იმ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო პრეტენზია მქონდა და მაქვს ჟურნალისტთან და არა ჯოკია ბოდოკიასთან, რაც შეეხება ჯოკია ბოდოკიასთვის წაყენებულ ბრალდებას – საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და გაირკვევა ყველაფერი“,-განუცხადა “კვირას“ ირაკლი ნარმანიამ.
ირაკლი ნარმანია აცხადებს, რომ ჯოკია ბოდოკია 2014 წელს გაიცნო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, თუმცა გასული წლის ივლისის შემდეგ ის აღარ უნახავს.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსი, ბრალდებული ჯოკია ბოდოკია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის თანახმადაც დავით ნარმანიას ძმისთვის, ირაკლი ნარმანიასთვის ქრთამის სახით აღებული თანხა უნდა მიეტანა.
ბოდოკიამ შესაბამისი განცხადება დღევანდელ სასამართლო პროცესზე გააკეთა. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებდა. თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის პროცესზე დღეს ბრალდებული იკითხება.