ირაკლი ალასანია: ალბათ გვეპატიება, თუ თავს დავიწყებულ მოკავშირედ ჩავთვლით

ალბათ გვეპატიება, თუ თავს დავიწყებულ მოკავშირედ ჩავთვლით, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია უცხოურ გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს.
მასალა სათაურით “დავიწყებული მოკავშირე” ვებგვერდზე: www.politico.eu დღეს გამოქვეყნდა.
წერილში ირაკლი ალასანია აღნიშნავს, რომ საქართველო დღემდე არც ნატოს წევრია და არც ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო ზუსტი სამოქმედო გეგმა მიუღია.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი წერილში ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე საუბრობს და ცოტა ხნის წინ დაღუპულ ვასილ ყულჯანიშვილს იხსენებს.
სტატიის თარგმანს პარტია “თავისუფალი დემოკრატები” ავრცელებს.
“22 წლის ვასილ ყულჯანიშვილი გასულ კვირას ავღანეთში, საკუთარ მოვალეობას – საპატრულო მისიას ასრულებდა, როცა მოკლეს. სახლიდან შორს, ფართო საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევასა და მიზნებს იგი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა. რიგითი ყულჯანიშვილი 31-ე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა იმ ათი წლის მანძილზე, რაც საქართველო ნებაყოფლობით გახდა ავღანეთში, ნატოს ხელმძღვანელობით ჩატარებული მოქმედებების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე გათვლით (ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ). საქართველო დღემდე არც ნატო-ს წევრია და არც ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო ზუსტი სამოქმედო გეგმა მიუღია. ალბათ გვეპატიება, თუ თავს დავიწყებულ მოკავშირედ ჩავთვლით”, – წერს ირაკლი ალასანია.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი უკრაინის მაგალითზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ უკრაინელებსაც აქვთ მიზეზი, თავი დავიწყებულად და მიტოვებულად იგრძნონ.
“უკრაინელებსა და რუსეთის მიერ ზურგგამაგრებულ სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთახმების დროდადრო დარღვევასთან ერთად, ჩვენი მეგობრები და მეზობლები უკრაინაში, დასავლეთის იმედზე ყოფნის მწარე გაკვეთილს იმკიან. უკრაინის ევრომოედანმა კორუმპირებული ლიდერი დაამარცხა და გააძევა, მაგრამ შემდეგ ჩვენი საერთო, მძლავრად მილიტარიზებული ჩრდილოელი მეზობლის რისხვა გამოიწვია. ეს ის გაკვეთილია, რომელიც ჩვენ ჩვენი მწარე გამოცდილებიდან კარგად ვიცით. სწორედ ამიტომ, ჩვენ და უკრაინელებს, არსებით საკითხებში კარგად გვესმის ერთმანეთის. უკრაინელებსაც აქვთ მიზეზი, რომ თავი დავიწყებულად და მიტოვებულად იგრძნონ”, – წერს ირაკლი ალასანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები