თეა წულუკიანი მოქალაქეებს მოუწოდებს, ისარგებლონ იუსტიციის სამინისტროს უფასო აქციებით და დოკუმენტაცია მოაწესრიგონ
„ისარგებლეთ ჩვენი აქციებით, მათ შორის უფასო აქციებით, რომლებიც ცხადდება და კიდევ გამოცხადდება”, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოქალაქეებს და მოუწოდა, რომ პირადი დოკუმენტების მოწესრიგების მიზნით, უწყების მიერ გამოცხადებული აქციებით ისარგებლონ.
თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე და აღნიშნა, რომ საარჩევნო სიების დახვეწის პროცესი გრძელდება.
“თქვენ იცით, რომ ჩვენ პირველად შარშან შემოვიტანეთ ბიომეტრიული, ფოტოსურათიანი საარჩევნო სია, რომელმაც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა წერტილი ე.წ. კარუსელების კულტურას. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, მათ შორის რეგისტრაციიდან მოხსნილი, უმისამართო და იმ პირებისთვის, ვისაც პირადობის მოწმობა არ გაუგრძელებია ან აქვს ძველი მოწმობა, რომელზეც ფოტო არ იკითხება და საარჩევნო უბანზე შეუძლებელია პირის იდენტიფიკაცია. ასევე ვაგრძელებთ მუშაობას იმ პირებისთვის, ვისაც ახალი პირადობის მოწმობა ჯერ არ აუღია. ოქტომბრიდან წამოვიწყეთ პროექტი შუალედური და მომავალი წლის არჩევნებისთვის. მინდა, მოვუწოდო ყველას, ისარგებლონ ჩვენი აქციებით, მათ შორის უფასო აქციებით, რომლებიც ცხადდება და კიდევ გამოცხადდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ამჟამად გამოცხადებულია და 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება აქცია, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს ბიომეტრული პასპორტის შეღავათიან ფასში აღება შეუძლიათ. “ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, რეგისტრაცია და მისამართი დააზუსტონ სამოქალაქო რეესტრში, აიღონ ახალი პირადობის მოწმობა, რომელიც გაუყალბებელია და რომელზეც ბიომეტრიული ფოტოა განთავსებული. ამჟამად მიმდინარეობს ძალიან საინტერსო აქცია სწორედ ბიომეტრიულ პასპორტზე – ნაკლები დანახარჯით შეუძლია ყველას ამ უსაფრთხო დოკუმენტის აღება, რომელიც პირდაპირ აისახება საარჩეცნო სიაზე, საარჩევნო სია კი, მომავალი არჩევნებისთვის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გამჭვირვალე და სანდო იქნება”, – განმარტა იუსტიციის მინისტრმა.