საკრებულოს უმრავლესობა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დავით ნარმანიასთან კონსულტაციებს გამართავს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი,მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი არ მიიჩნევს, რომ მერიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მერი საკრებულოს წინაშე უნდა წარდგეს, თუმცა საჭიროდ მიიჩნევს, მერმა ამის შესახებ განმარტებები საკრებულოს უმრავლესობასთან გააკეთოს. როგორც საკრებულოს წარმომადგენელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, საკადრო ცვლილებებზე სასაუბროდ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წევრები დავით ნარმანიასთან კონსულტაციის გამართვას გეგმავენ.
რაც შეეხება თავად პროცესებს, ნაცვლიშვილის განმარტებით, ამაში საგანგაშო არაფერია. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი ცოცხალი პროცესია, რადგან „ტარდება საკადრო პოლიტიკა, რომელიც შეიძლება მერს უფრო ეფექტურად მიაჩნდეს“. რაც შეეხება ავთანდილ სუდაძეს და გეგი ნიჟარაძეს, მისი თქმით, ესენი იყვნენ იმ ორი სამსახურის უფროსები, რომელთა კისერზეც გადაიარა 13 ივნისის წყალდიდობამ. მისი განმარტებით, ძირითადი სამუშაოები სწორედ ამ ორმა სამსახურმა შეასრულა და „გადადგომის მიზეზი შესაძლოა იყო ის, რომ ამ ადამიანების უბრალოდ ადამიანური, ფიზიკური, მენტალური რესურსი, იქ მერიაში ამოიწურა“ .
„ რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ მერმა ამ კითხვებს საკრებულოში უნდა გასცეს პასუხი, ჩვენ რეგლამენტით გათვალისწინებული ვადები გვაქვს, როდესაც შეგვიძლია, დავით ნარმანია მოვიწვიოთ. ის უკვე წარდგა ასაკრებულოს წინაშე. შეგვიძლია მისი კვლავ მოსვლის საკითხი დავაყენოთ, თუკი ამის საჭიროება დადგება. ჩვენ, საკრებულოს უმრავლესობას გვექნება დავით ნარმანიასთან კონსულტაციები. ის გააკეთებს ჩვენთან ახსნას იმისას, თუ რას უკავშირდება მერიაში ეს საკადრო ცვლილებები. ამ კონსულტაციებს გამართავს უმრავლესობა. ეს რომ იყოს ისეთი საკითხი, რომელიც ინფრასტრუქურას ან რაიმე სხვა დიდ პროექტს ეხება, შესაძლებელი იქნებოდა მისი მოწვევა, მაგრამ რადგან საკადრო გადაწყვეტილებებია, მე არ მიმაჩნია საჭიროდ, რომ დავით ნარმანია ამის გამო საკრებულოს წინაშე წარდგეს. ის პირები, რომლებიც დანიშნულები იქნებიან სამსახურების ხელმძღვანელებად, მაინც საკრებულოში უნდა დამტკიცდნენ და, შესაბამისად, ოპოზიციას ექნება საშუალება, დასვას ის კითხვები, რაც მათ გააჩნიათ“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიაში ამ დროისთვის რამდენიმე სამსახურის უფროსის პოსტი ვაკანტურია, მათმა ხელმძვანელებმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები