პერუში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა
პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა.
როგორც “კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულს პილარ დეზას, შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ოფიციალურად გადასცა პერუს საგარეო უწყების მიერ ხელმოწერილი ეგზეკვატურა.
საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე ელჩმა საპატიო კონსულს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ პილარ დეზა, როგორც საქართველოს ინტერესების ოფიციალური გამტარებელი, კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას და გაზრდის საქართველოს ცნობადობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საგარეო უწყების ინფორმაციით, პილარ დეზამ, თავის მხრივ, გამოხატა მადლიერება მინიჭებული ნდობისათვის და დაადასტურა სრული მზაობა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში, რომელიც ხალხებს შორის დაახლოებას და ბიზნესსწრეების ურთიერთობების განვითარებას ეფუძნება.
ოთარ ბერძენიშვილმა საქართველოს მთავრობის და ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა საპატიო კონსულს მიმდინარე წლის 13-14 ივნისს, ქალაქ თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ქალაქ ლიმაში საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებისათვის.