საქართველომ 1000-ზე მეტი უცხოელი ლტოლვილი შეიფარა

საქართველომ 1000-ზე მეტი უცხოელი ლტოლვილი შეიფარა – მათი 80% ერაყელია, დანარჩენი კი – უკრაინელი და სირიელი, – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების სამინისტროს, მიგრაციის, რეპატრიაციის და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსი, ირაკლი ლომიძე გაზეთ “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს.
“2012 წლიდან დღემდე საქართველოში თავშესაფრის მიღების თხოვნით ერაყის 2367-მა, უკრაინის – 801-მა და სირის 175-მა მოქალაქემ მოგვმართა. აქედან 426-მა ერაყელმა ჰუმანიტარული სტატუსი მიიღო, 101-მა – ლტოლვილის სტატუსი. უკრაინიდან ჰუმანიტარული სტატუსი 420 პირს მიენიჭა. რაც შეეხებათ სირიის მოქალაქეებს, 80-მა ჰუმანიტარული სტატუსი მიიღო, 5-მა კი – პოლიტიკური”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ლომიძემ.
როგორც გამოცემა წერს, საერთო ჯამში, როგორც ამ მონაცემებიდან ირკვევა, ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფრის მიღების სურვილი 3343-მა ადამიანმა ითხოვა, საიდანაც მხოლოდ 1032 პირის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
“პირს, როდესაც ჩვენგან უარყოფითი პასუხი მიუვა, მას შეუძლია გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. გასაჩივრების შემთხვევაში, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, მანამდე ეს ადამიანი მაინც თავშესაფრის მაძიებლად ითვლება და ყველა შესაბამისი უფლებით სარგებლობს. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო საბოლოო უარს იტყვის, ის ვალდებულია, საქართველოს ტერიტორია დატოვოს”, – ამბობს ლომიძე.
რაც შეეხება დახმარებას, როგორც ლომიძე გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, სტატუსმინიჭებულებს სოციალურ დახმარებას სახელმწიფო უხდის – თვეში 45 ლარის ოდენობით, ანუ ისინი გათანაბრებულები არიან ჩვენს დევნილებთან. ამასთან, სტატუსმინიჭებულები სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც, განათლების მიღების მხრივაც გათანაბრებულები არიან საქართველოს მოქალაქეებთან. გარდა ამისა, ბავშვები უპრობლემოდ მიდიან საბავშვო ბაღებშიც.
“2015 წლის იავრიდან დავიწყეთ პროექტი – ქართული ენის 6-თვიანი შემსწავლელი კურსები სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. ეს პროექტი იმის გამო ხორციელდება, რომ ლტოლვილმა ბავშვებმა წინასწარი მომზადება გაიარონ და იგივე კლასში დასხდნენ აქ, რომელიც კლასშიც საკუთარ სამშობლოში სწავლა დაასრულეს”, – აღნიშნა ირაკლი ღომიძემ.
დევნილთა სამინისტროში ამბობენ, რომ თავიდან, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე განცხადებას დაწერს და თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირდება, იწყება სპეციალური კვლევა. ამ კვლევის პერიოდში მაძიებელი ან მარტყოფის დროებით განთავსების ცენტრში ხვდება, ან მათ გამოეყოფათ ბინის ქირა ან სოციალური შემწეობა.
“მას შემდეგ კი, რაც სტატუსს მიიღებენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ უნდა დატოვონ მარტყოფის თავშესაფარი. სტატუსმინიჭებულმა პირმა ბინა ან საკუთარი ფინანსებით უნდა იქირავოს, ან თუ შესაძლებლობა არ აქვს, სპეციალურ კომისიას თხოვნით უნდა მიმართოს. კომისია ამ განაცხადს სწავლობს, თუ მოწყვლადი შემთხვევაა და თვითონ ვერ შეძლებენ ბინის დაქირავებას, ამ შემთხვევაში გაიცემა დახმარება”, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ირაკლი ლომიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები