გიორგი კვირიკაშვილი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მედიას თავისუფალი მაუწყებლობის შესაძლებლობა მიეცეს
გეთანხმებით, რომ სტანდარტი უნდა იყოს ერთიანი, მაგრამ არ ვიცი, ეს სტანდარტი დარღვეულ იქნა თუ არა “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულთა მიმართ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“საერთოდ, სჯობს, რომ ასეთი საკითხები იყოს ხოლმე ერთმანეთთან შესადარისი. სამწუხაროდ, არ ვიცი ყველა ინდივიდუალური შემთხვევა, რომელ შემთხვევაში რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მე გეთანხმებით ერთ რამეში, რომ უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი და ორმაგი სტანდარტი არ უნდა არსებობდეს. უბრალოდ არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა კონკრეტული გარემოება იქნა სასამართლოს მხრიდან მიღებული მხედველობაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება “რუსთავი 2“-ის საკითხს, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია, ამ ეტაპზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დავასთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი გააკეთოს. ამის მიზეზად კვირიკაშვილმა სასამართლოში მიმდინარე პროცესი დაასახელა.
„მედიის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი, უმაღლეს პრინციპთაგან, რომელიც მთავრობას გააჩნია. მიმდინარეობს სასამართლო პროცესი და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ ეტაპზე, რაიმე კომენტარის გაკეთება. მგონია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მედიას თავისუფალი მაუწყებლობის შესაძლებლობა მიეცეს“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.