„სოციალური პასუხისმგებლობის კლუბს“ ახალი წევრები შეემატნენ

,,სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ წევრების რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც, მიმდინარე საკითხების განხილვასა და სამუშაო ჯგუფების ფორმირებასთან ერთად, კლუბის წევრებისაგან წამოსული სხვადასხვა ინიციატივის განხილვაც მოხდა.
როგორც კლუბიდან “კვირას” აცნობეს, ღონისძიება სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ შედგა და მას კლუბის არსებულ წევრებთან ერთად, 100-მდე სხვადასხვა ბიზნეს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო. არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს წარმომადგენელმა ზვიად დევდარიანმა შეხვედრაზე განსახილველ თემებზე ისაუბრა, მათ შორის დაზარალებულთა დახმარებასა და სხვადასხვა მიმართულებით დახარჯულ თანხებზე.
„ბიზნესის მიერ აკუმულირებული თანხების შესახებ თავად ამ სექტორის წარმომადგენლებს წარვუდგინეთ ანგარიში. კერძოდ, თუ რაში დაიხარჯა 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ბიზნესის მიერ აკუმულირებული თანხა და ასევე გავაცანით ახალი სოციალური პაკეტები, თუ რა მიმართლებით არის საჭიროება კვლავაც, რომ იმ ადამიანების მხარდაჭერა მოხდეს, რომლებიც დაზარალდნენ 13 ივნისის მოვლენების დროს,“ – განმარტა ზვიად დევდარიანმა.
შეხვედრის მსვლელობისას საიტის კვლევის, ინტრანეტის და გლობალკომპაქტის პროექტის პრეზენტაციები გაიმართა.
თბილისის ვიცე – მერმა ირაკლი ლექვინაძემ კი კლუბის წევრებს 13 ივნისის ანგარიში და დაზარალებულების მხარდაჭერის პროგრამის დეტალები გააცნო.
ვიცე – მერმა ასევე დამატებით საჭიროებებზე თანხების გაწერასა და მობილიზებაზეც ისაუბრა.
„შემოწირული თანხები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ პროცესების შედეგად, მთლიანად მოხმარდა ამ ადამიანების საცხოვრისით უზრუნველყოფას და იმ კომპენსაციას, რომელიც მათ სჭირდებოდათ. თანხების ძირითადი ნაწილი ათვისებულია. დაზარალებულების დარჩენილ ნაწილთან მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი და მათაც, ბუნებრივია, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ეს თანხები გადაერიცხებათ”, – განაცხადა ვიცე-მერმა.
სოციალური პასუხისმგებლობის კლუბში გაწევრიანების სურვილი 20-მა ბიზნეს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გამოთქვა და შეიქმნა ახალი სამუშაო ჯგუფები.
„სოციალური პასუხისმგებლობის კლუბს“ შეურთდნენ: პარტნიორები – საქართველო, კორპორაცია ქართული ღვინო, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, სამშენებლო კომპანია „როდოსი“, „ელიტ ელექტრონიქსი“, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“, კომპანია – rafting.ge, სპორტკომპლექსი „არენა“, „პე -ეს- პე“, Cherry tea, Red Bull, „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“, „სუფთა სამყარო“, სამშენებლო კომპანია „ლუქსი“, „ლიბერთი ბანკი“, სს „მისო კრისტალი“, შპს „ანაგი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, „კრედო და ქართული კრედიტი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები