დავით სერგეენკო: აშშ-ში, ორივე დელეგაციაში ერთდროულად ელჩი ვერ იქნებოდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, აშშ-ში ორი დელეგაციის ერთდროულად ყოფნის პირობებში, საქართველოს საელჩოს თანამშრომლები გადანაწილდნენ. მისი თქმით, მოხდა ისე, რომ თვითონ ელჩი პრემიერთან იყო.
“მე პროტოკოლში ჩახედული არ ვარ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ორი დელეგაციის ერთდროული ვიზიტის პირობებში საელჩოს თანამშრომლები გადანაწილდნენ. ამჯერად მოხდა ისე, რომ თვითონ ელჩი იყო პრემიერთან და საელჩოს სხვა მაღალი თანამდებობის პირები – პრეზიდენტთან. ცხადია, რომ ორივე დელეგაციაში ერთდროულად ელჩი ვერ იქნებოდა. რაც შეეხება იმას, არის თუ არა აქტუალური საქართველო შეერთებული შტატებისთვის, შემიძლია, ეს ფაქტი ცალსახად დაგიდასტუროთ და ჩამოვთვალო არაერთი პროექტი, რომელიც ამერიკის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. მე მგონი, საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი მათგანიც, C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის დასახელება. ასეთი მასშტაბის არა, მაგრამ მსგავსი ათეულობით პროექტი ხორციელდება. შემიძლია, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოსა და ამერიკას შორის წარმატებული და მზარდია”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას, აშშ-ში საქართველოს ელჩი გააკრიტიკა.
გიორგი მარგველაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და ურჩია, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვა მოსთხოვოს უცხოეთში აკრედიტებული მისიების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც კანონმდებლობას არღვევენ. როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებულ ვიზიტში არ მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები