“ნაციონალური მოძრაობა” ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს, – ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდინარე აქციაზე პარტიის ლიდერებმა გააკეთეს. გარდა ამისა, პარტიის წევრები სამომავლო სამოქმედო გეგმის გასაჯაროვებას აპირებენ.
“ჩვენ არ გამოვრიცხავთ არც ერთ პოლიტიკურ ძალას მოლაპარაკებების პროცესში”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
განცხადების გაკეთების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აქციის მონაწილეებს დღევანდელი აქციის დასრულებისკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს და დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემოახიეს პიჯაკი.
სწორედ აღნიშნული ინციდენტის გამო სამართალდამცველებმა აქციის სამი მონაწილე დააკავეს. დაკავებულებს დღეს ქუთაისის სასამართლომ სსკ 239 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, რაც ხულიგნობას გულისხმობს, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას დაკავებულების ახლობლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.