„თავისუფალი დემოკრატების” წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების” წევრები, საარჩევნო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ღია განხილვაში მონაწილეობა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მიიღეს. დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის რეფორმირების შესახებ ინტერპარტიული ჯგუფის მოსაზრებებს გაეცნენ, რაც არსებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და რეგიონულ–პროპორციული სისტემით შეცვლას გულისხმობს. ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა 2012 წლის 1 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებულ დაპირებებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციურ ძალებს და პოლიტიკურ უმცირესობას საუბარი იმ ხელისუფლების პირობებშიც უწევს, რომელთა წარმომადგენლებიც თავის დროზე იგივე მოთხოვნით შიმშილობის აქციებსაც კი მიმართავდნენ. „სამწუხაროდ, ეს თემა არ ჩამოდის ქართული პოლიტიკის დღის წესრიგიდან. ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ პრობლემები არ იცვლება, პრობლემები კი პირდაპირ უკავშირდება საარჩევნო გარემოს, არჩევნებთან დაკავშირებულ თემებს და ყველაზე მნიშვნელოვანს – საარჩევნო სისტემას. საარჩევნო რეფორმის მოთხოვნით, ჯერ კიდევ 1990 წელს, თანამოაზრეებთან ერთად მოგვიწია შიმშილობის გამოცხადება კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. შემდეგ იგივე ფორმა 2008 წელს იქნა გამოყენებული უკვე წინა ხელისუფლების წინააღმდეგ და დღეს უკვე ანალოგიური პრობლემების წინაშე ახალი ხელისუფლება გვამყოფებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ზუსტად იგივე საკითხებზე გვიწევს დღეს საუბარი“, – განაცხადა, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
გამომსვლელების შემდეგ საარჩევნო რეფორმის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.