„ფორტუნა ჰოლდინგი“ საქართველოში, ვეტერანების მონაწილეობით, 75-მილიონიანი მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს

კომპანია „ფორტუნა ჰოლდინგი“ საქართველოში, ვეტერანების მონაწილეობით, 75- მილიონიანი მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, პროექტი გააძლიერებს საქართველოში სოფლის მეურნეობას, დაასაქმებს საზოგადოებას და ხელს შეუწყობს საზღვრისპირა რეგიონებსა და ქალაქებს, რომ შემცირდეს ქვეყანაში შიდა მიგრაცია და მოსახლეობამ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება რეგიონშივე შეძლოს.
პროექტი, პირველ რიგში, ვეტერანებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნას გულისხმობს. პროექტი „საქართველოს ვეტერანებისთვის“ 3 მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა ვეტერანთა დასახლებების შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით.
პირველი ეტაპი დაიწყება გარდაბანში, სადაც აშენდება პატარა ქალაქი ყველა ინფრასტრუქტურით და რაც მთავარია, აქცენტი იქნება სოფლის მეურნეობა – მოსახლეობას გამოუყოფენ მიწას, გამზადებულს ყველანაირი კომუნიკაციით, ტრაქტორებს, დაუთესავენ, პირველ კაპიტალს შეუქმნიან.
„ეს იქნება მოშავი. მოშავი არის დასახლება, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას ითვალისწინებს. მოშავი დაეხმარება სახელმწიფოს საზღვრის გამაგრებაში. თუ იქ დასახლდება მოსახლეობა და არ იქნება შიდა მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, ქვეყანაც უფრო დაცული იქნება. ადგილზე დასახლებული ვეტერანთა ოჯახები მოიყვანენ ბოსტნეულს, ხილს. ეს იქნება გათვლილი ექსპორტზე“, – განაცხადა რაფაელ მაღალაშვილმა.
გარდა ამისა, პროექტის ავტორები გეგმავენ, ადგილზე დასახლებული მოსახლეობისთვის მეწველი ძროხები შეიძინონ, შექმნან რძის გადამამუშავებელი ფაბრიკა და აღჭურვონ ის ისრაელიდან ჩამოტანილი უახლესი ტექნოლოგიებით.
„ჩვენ ვაპირებთ, ამ დასახლებების მაცხოვრებლებს შევუძინოთ ათასი ძროხა. აშენდება ძროხების  ფერმა, რომლებიც დღეში 30 ლიტრამდე რძეს იწველიან. რძე მთლიანად ქვეყნის შიდა ბაზრისთვის იქნება გათვლილი, რაც დიდ ეკონომიკურ მოგებას მოუტანს სახელმწიფოს. მოშავი ეკონომიკურად ძალიან მომგებიანია სახელმწიფოსთვის. მოშავის სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. ეს შეამცირებს ასევე იმპორტს სოფლის მეურნეობის დარგში“, – განაცხადა „ფორტუნა ჰოლდინგის„ წარმომადგენელმა მირ ბარეკეტიმ.
რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, პასუხისმგებლობას ისინი საკუთარ თავზე იღებენ. ებრაელების მიერ შემოთავაზებული პროექტი „საქართველოს ვეტერანებისთვის“ ვეტერანების დასაქმებასა და დასახლებას გულისხმობს. ეს იქნება კოოპერატივი, გარდაბანში 550-სულიანი ვეტერანთა დასახლების შექმნა.
პროექტის მეორე მიმართულებაა – თბილისში ეკოლოგიურად ნაკლები ზიანის მომტანი ჰიბრიდული ტაქსების შემოყვანა, რომელიც 5-ჯერ უფრო იაფი იქნება, ვიდრე სხვა სატრანსპორტო საშუალება. პირველ ეტაპზე საუბარია 3 ათას ტაქსზე, სადაც ვეტერანებს დასაქმდებიან როგორც მძღოლებად, ისე სერვის ცენტრებში. ასეთი ნაკლებად ზიანის მომტანი მანქანების ქალაქში შემოყვანა დედაქალაქის ეკოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის ავტორებმა მერიას და საქართველოს მთავრობას პროექტის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
მესამე მიმართულება კი ქვეყანაში საერთაშორისო სავაჭრო ქსელ „ლიდლის“ შემოსვლაა, სადაც ვეტერანები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ქსელი პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე შეიძენს და საქართველოში წარმოებულ პროდუქტს მსოფლიო მასშტაბით გაიტანს. პირველ ეტაპზე სავაჭრო ცენტრის გახსნას საქართველოს 18 ქალაქში იგეგმება.
„ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდება სუპერმარკეტის ქსელის ერთ-ერთი ლიდერის – „ლიდლის“ სპეციალიზებული მაღაზიები. ჩვენ ამ მაღაზიების საშუალებით საქონლის ფასებს დავწევთ, რადგან ეს მაღაზიები შეიძენს საქართველოს ნაწარმს – როგორც აქ ნაწარმოებს, ისე შემოსულს. მას შემდეგ, რაც 15 სპეციალიზებული მაღაზია გაიხსნება საქართველოში, საქართველოში ნაწარმი 10 000 მეგამარკეტს მოამარაგებს. ამ პროექტში ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენს თავზე ავიღეთ ვეტერანებზე ზრუნვა. ვეტერანები აქაც იგივე პირობებში უნდა ცხოვრობდნენ, როგორც ისრაელში. ამისთვის სამუშაოა საჭირო. თუ ეს ფირმა რამდენიმე მეგამარკეტს გახსნის საქართველოში, ეს ბევრ ადამიანს დაასაქმებს“, – აღნიშნა კომპანია „ფორტუნა ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა ოფენ ეიზინბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები