„რუსეთი სირიის მიმართულებით საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებს, ეს აღმოსავლეთ აზიიდან დასავლეთთან დასაკავშირებლად უმოკლესი გზაა“

„სირიიდან განვითარებული სახელმწიფოებისკენ ლტოლვილების მასობრივი და მართული გადაადგილება მოხდა. სირიის მოვლენებმა ცხადყო, რომ მოთამაშეებს, ერთი კონკრეტული მიზნის გარდა, ქმედითი სტრატეგია არ ახასიათებთ. ამით ისარგებლა რუსეთმა და გარკვეულწილად მშვიდობისმყოფელების პროპაგანდის ერთ-ერთ ინიციატორად მოგვევლინა“, – აღნიშნული განცხადება თადარიგის გენერალმა კობა კობალაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
კობალაძის განმარტებით, რუსეთი სირიის მიმართულებით საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებს და რუსეთი სირიის მოვლენებში ჩართულობით ცდილობს, მასზე დაკისრებული სანქციების მიუხედავად, საერთაშორისო ასპარეზზე დომინანატის როლი ჰქონდეს.
„რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცეს მარტო სირიის მიმართულებით არ იყენებს. გვინდა თუ არ გვინდა, საქართველო არის უმოკლესი გზა აღმოსავლეთ აზიიდან დასავლეთ სივრცესთან დასაკავშირებლად. დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტი განთავსებულია საპორტო ქალაქში და მის გარშემო, ამავე დროს, უკვე აქტიურ შეტაკებებს ახორციელებს, იყო რუსეთის მხრიდან პირველად საჰაერო დარტყმებიც. ამ ეტაპზე სირიის მოვლენებმა გარკვეულწილად უკრაინის მოვლენები გადაფარა. მიუხედავად სანქციებისა და საერთაშორისიო ზეწოლისა, რომელიც რუსეთის მიმართულებით განხორციელდა, ვხედავთ, რომ რუსეთი კვლავ რადიკალური მოქმედებებით არა მარტო ცდილობს საერთაშორისო ასპარეზზე დარჩენას, არამედ განაცხადი შემოაქვს ყოველდღიურად თავისი დომინირების შესახებ. რუსეთს აქვს ერთ-ერთი ისეთი კომპონენტი, რაც დასავლეთს არ გააჩნია – ესაა გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და ნებისმიერ ხარჯზე ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა“, – განაცხადა კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები