შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 190 ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო.
ღონისძიებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი მერაბ მალანია, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცებმა საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის პოლკოვნიკმა მერაბ მალანიამ დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის 38 ჯარისკაცი საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად, სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.
ასევე, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კვებით.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.