3-4 ოქტომბერს კიევში “თბილისობა” აღინიშნება

3-4 ოქტომბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში “თბილისობა” აღინიშნება. როგორც “ღონისძიების” ორგანიზატორები აცხადებენ, კიევში “თბილისობა” უკვე რამდენიმე წელია, აღინიშნება და თუ გასულ წლებში ღონისძიება წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის დაღმართის ნახევარ ტერიტორიას მოიცავდა, წელს ქალაქის ადმინისტრაციამ ქართული კულტურის ზეიმს მთლიანი არეალი დაუთმო.
12:00 სთ-ზე ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება ოფიციალურად გახსნის, 12:05-დან 19:00 საათამდე საკონცერტო პროგრამა იქნება წარმოდგენილი, რომელშიც მონაწილეობენ: ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „იბერიელი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე-მაკა ლომსაძე); დავით ჯიმშიტაშვილი, ქეთი შამუგია, მარი შავგულიძე, სოფი და სალომე მიქაძეები. ღონისძიების სპეციალური სტუმრები ანიკო დოლიძე და თეატრალურის კვარტეტი იქნება.
ადგილობრივებს თუ ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ: ივანე კავალერიძის სახელობის სახლ-მუზეუმში მოისმინონ ქართული ლექსები და პროზა, დაათვალიერონ ქართული ხელთნაკეთობები, მათ შორის უკვე უკრაინაშიც განთქმული „მინანქარი“, ქართველი მხატვრების ნამუშევრები, დააგემოვნონ ქართული კერძები და მიიღონ მონაწილეობა ქართული ღვინოების დეგუსტაციაში. აქვე გაიმართება ქართველი მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის პრინტის გამოფენა-გაყიდვა, ვიქტორინა სახელწოდებით „მე მიყვარს საქართველო“, სხვადასხვა მასტერ-კლასები და კონკურსები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან – სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“, G.E.M. PR Agency. მხარდამჭერები კი საქართველოს საელჩო უკრაინაში, უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები