საკრებულოში ახალი ქართულ-ამერიკული კლინიკის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, ახალი სამედიცინო დაწესებულების – ამერიკული კლინიკა თბილისში – პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ალიბეგაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – ირაკლი ფავლენიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე – გულიკო ზუმბაძე, მაჟორიტარი დეპუტატი – კობა კობალაძე, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, კლინიკის ხელმძღვანელები, ქართველი და უცხოელი გამოჩენილი ექიმები, ცნობილი სახეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიება კლინიკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი კაციტაძემ გახსნა, რის შემდეგაც, მოწვეულ საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი მიესალმნენ და ახლადგახსნილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობას წარმატება უსურვეს.
საკრებულოს ინფორმაციით, „ამერიკული კლინიკა თბილისში” “ქუესტ დაიაგნოსტიკს”-ის ლაბორატორიის ოფიციალური პარტნიორია, რომელიც მსოფლიო ლიდერია კიბოს დიაგნოსტიკაში. “ქუესტ დაიაგნოსტიკს”-ის სერტიფიცირებულ ექიმ-პათოლოგებს ასევე მდიდარი გამოცდილება აქვთ მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოსკოპიის, მამოგრაფიის, ბირთვული მედიცინისა და რენტგენოგრაფიის კვლევებში.