ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა რამდენიმე დღეში გაიხსნება

ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასკვნით ეტაპზეა და მოძრაობა სრულად რამდენიმე დღეში აღდგება. როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამ დროისათვის, 2 ფენიანი ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები დავით ყიფიანის ქუჩიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მიმდინარეობს. ასევე ეწყობა ახალი ტროტუარები და ბორდიურები.
მოასფალტების სამუშაოები ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე იტალიურ ეზოშიც აქტიურად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში დასრულდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე, აღნიშნულ გზის მონაკვეთებზე, წყალსადენის ამორტიზებულ და მოძველებულ ქსელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
შეცვლილ ქსელებზე მოეწყო ახალი საკვანძო ჭები და დამონტაჟდა შესაბამისი დიამეტრის ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ერთობლივად ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები