მოსწავლეებისთვის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ათასწლეულის ინოვაციის ახალ კონკურსს იწყებს.
კონკურსის თაობაზე განცხადება აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გააკეთა. კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და აშშ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ. ღონისძიების ფარგლებში, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2014-15 წლის ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენაც გაიმართა.
კონკურსის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება. გუნდები პროექტებს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სფეროში წარმოადგენენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილე მოსწავლე დაბადებული უნდა იყოს 1997 წლის 2 აპრილიდან – 2003 წლის 1 აპრილის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2-5 მოსწავლისაგან შემდგარ გუნდს შეუძლია წარმოადგინოს პროექტი შემდეგი საკონკურსო კატეგორიიდან ერთ-ერთში: კოსმოსი და ავიაცია; ჯანდაცვა და კვება; კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება; გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და ეკოსისტემები. გუნდის მიერ შემოტანილი პროექტების რაოდენობა არ არის შეზღუდული, თუმცა, ერთი პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთ კატეგორიაში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაციები 2015 წლის 25 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ.
პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტში, რომელიც გაიმართება 2016 წლის აპრილში, აშშ–ში.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხადრაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და აშშ-ის კონრადის ფონდთან თანამშრომლობით (The Conrad Foundation).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები