დიმიტრი ქუმსიშვილი: ის ძირითადი აქცენტი, რომელიც პრემიერმა გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო მსოფლიო საზოგადოებისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაეროში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ყველა ის ძირითადი აქცენტი, რომელიც პრემიერმა გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო მსოფლიო საზოგადოებისთვის. ქუმსიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რაც ყველასთვის ცნობილი იყო – საქართველოს ურყევი პოლიტიკური გზა ევროატლანტიკური ბლოკის მიმართულებით.
“პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რაც ყველასთვის ცნობილი და ცხადი იყო. ეს არის ჩვენი ქვეყნის ურყევი პოლიტიკური გზა ევროატლანტიკური ბლოკის მიმართულებით. ასევე მან დაგმო ის მცოცავი ანექსია, რომელიც ხორციელდება, მან ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს მმართველობის ნაწილში, შესაბამისად, ყველა ის ძირითადი აქცენტი, რომელიც მან გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო მსოფლიო საზოგადოებისთვის”, – დასძინა მინისტრმა.