თსუ-ში “მან-სან-კანის” ფინალური შეხვედრა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით და საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების ორგანიზებით მან-სან-კანი-ს საქართველოს რეგიონალური ლიგის გაზაფხულის სეზონის ფინალური შეხვედრა გაიმართა.
ფინალში ხუთი გუნდი მონაწილეობდა: „კლასიკა“, „მონსტრების კორპორაცია“, „ჭიჭიკიები“, „რაში“ და „პორტო ფრანკო“. სეზონი წარმატებით დაიხურა და გამარჯვებულებიც გამოვლიდნენ: მესამე ადგილზე „პორტო ფრანკო“ გავიდა; „რაში“ მეორე ადგილს დასჯერდა, ხოლო პირველი ადგილი „კლასიკამ“ დაიკავა.
გამარჯვებულებს სპეციალური თასები გადაეცათ, პირველადგილოსანს კი ფულადი ჯილდო_ 5000 ლარი.
ღონისძიებასთან დაკავშირებით „კვირა“ ერთ-ერთ ორგანიზატორს, საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების წევრს, ვანო გუმბერიძეს ესაუბრა.
როგორც გუმბერიძემ აღნიშნა, ღონისძიება მომავალში უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
„ეს არის საქართველოს ჩემპიონატი „კავეენში“. დავხურეთ გაზაფხულის სეზონი, რომელიც მაისში დაიწყო. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელშეწყობით. ამ ჩემპიონატში მონაწილეობა 14-მა გუნდმა მიიღო. შემდეგ სეზონს ვიწყებთ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან (ზუსტ დროს ახლა ვადგენთ). მონაწილეობას 25-დან 30-მდე გუნდი მიიღებს. ამ ეტაპზე 30 განაცხადია შემოსული”, – განაცხადა ნაკრების წევრმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვანო გუმბერიძეს თქმით, 2016 წლიდან იგეგმება სატელევიზიო ფორმატში გადასვლა.
გვინდა, ახალ სეზონში გუნდებს გაზრდაში და პროფესიონალიზმის ამაღლებაში დავეხმაროთ, რომ 2016 წლიდან შევძლოთ სატელევიზიო ფორმატში გადასვლა”, – აღნიშნა გუმბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები